თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კასპში მძევლების აყვანისას ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. მენაბდიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს და ბრალს არ აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას“, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ქეთევან გაგლოევა.
მენაბდიშვილს დღეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე.
გიორგი მენაბდიშვილის ქცევასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად შეეძლო მას თავისი მოქმედებების გაცნობიერება დანაშაულის ჩადენის დროს, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.
ბრალდებულის ადვოკატის ქეთევან გაგლოევას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალზე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.
შაბათ დილით 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, ყოფილი პოლიციელი ქვის საამქროში შეიჭრა, რომლის წილსაც თვითონაც ფლობდა, და ორი პირი მძევლად აიყვანა.
დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით. სასოწარკვეთილმა მენაბდიშვილმა მძევლების აყვანით გადაწყვიტა არსებული საკითხის გადაჭრა.
ახალგაზრდას საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ხელმძღვანელობდა.