COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო აზუსტებს: რამდენი დღის განმავლობაშია COVID-19-ით დაავადებული გადამდები

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობას გადადების უნარი რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად უქვეითდება.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პაციენტებს, რომლებიც COVID-19-ით არიან დაავადებული, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება უვლინდებოდეთ დადებითი ტესტები ინფექციაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გადამდები იქნებიან, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა.

როდის აღარ არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გადამდები: ენდელაძის განმარტება

ექსპერტის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანი გადამდები იყოს, მას „ცოცხალი ვირუსის“ გადაცემა უნდა შეეძლოს. მაგრამ, როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, სიმპტომების გამოვლენიდან 8–9 დღის შემდეგ პაციენტთა უმეტესობას გადამდებობა ძლიერ უქვეითდება.

„თუმცა ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც რთული ფორმით არიან დაავადებული“, — აზუსტებს ვუინოვიჩი.

როგორც მანამდე ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, კორონავირუსი უფრო გადამდები გახდა იქიდან გამომდინარე, რომ SARS-CoV-2-ის ცილოვანი საცეცები ათობით სხვადასხვა სახეობად ტრანსფორმირდება ორგანიზმში იოლად შესაღწევად. სწავლულთა ჯგუფმა ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ვირუსის საცეცები იცვლება და კიდევ უფრო წებოვანი ხდება.