თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველო მილიონ მოსახლეზე კლინიკების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც პანდემიამდე კრიტიკის მთავარი საგანი იყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის დროს კლინიკების დიდმა რაოდენობამ გარკვეულწილად დადებითი როლიც შეასრულა, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდება, საჭირო გახდება მათი რაოდენობის შემცირება.
გაბუნიას განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება მცირე ზომის კლინიკებს, რომელთა სიჭარბე მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებისა და არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
„მიზანი არის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ, დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი, და 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში, კლინიკებისა და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს დანახარჯი ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული პირდაპირ ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაანალიზდეს.
კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილურ სერვისებს განაახლებს>>
გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ საქართველოს არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის. მინისტრმა ჭარბი რაოდენობის კლინიკების გაჩენა ბიზნეს-ინტერესებით ახსნა.