თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ახალი შენობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის უკვე ნაყიდია და კლინიკის ექიმები პირველი პაციენტების მიღებას უკვე წლის ბოლოს შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მთავრობის ჟესტი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა>>
„ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა შეძენილია და იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის ის იქნება ისე აღჭურვილი, რომ პაციენტების ახალ შენობაში მიღებას შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, წელს სახელმწიფო კლინიკების ინტენსიური გაძლიერება დაიწყო. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ამ სისტემის მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო, პანდემიამდე 96 საწოლი ჰქონდა. ამ კლინიკის განახლება უკვე დასრულდებულია და მისი პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს განახლება და აღჭურვა, ასევე ჩხობაძის საავადმყოფოსი ქუთაისში.
საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაძენად გასულ წელს 40 მლნ ლარი გამოყო.
ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა არაერთხელ დაიჩივლეს, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა. ამ ხნის მანძილზე ცენტრი იძულებული იყო ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩენილიყო.
ახლა ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და ამჟამადაც წამყვანია COVID-19-ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის საქმეში, თუმცა სამედიცინო პერსონალს ამორტიზებული შენობის მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.