ყვითელი ამბები

„ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით დაიღუპა“– გიორგი გაბუნიას ოჯახის უცნობი ისტორია – ვიდეო

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ მაყურებელთან მისი ოჯახის უცნობი ისტორია მოყვა. ნახეთ რა შეემთხვა მის ნახევარძმას.
Sputnik

თბილისი 18 იანვარი – Sputnik. ცნობილ დიქტორს ჯულიეტა ვაშაყმაძეს პირველი შვილი, ერთი თვის ჩვილი დაეღუპა. დეტალებზე მისმა შვილმა გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ გადაცემაში საკუთარ მონოლოგში ისაუბრა.

ჟურნალისტის თქმით, ვიდრე დედა ოჯახს შექმნიდა, ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება და მერე გააჩინა შვილები.

„როცა ჩემი უფროსი და გაჩნდა, დედა 40 წლის იყო. რამდენიმე წლით ადრე დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით ერთი თვის ასაკში დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს გაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება“, – ამბობს ტელეწამყვანი.

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 27 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა თემატიკის ტელეგადაცემები.

გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე

2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, „პირველმა არხმა“ მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.

ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ფილმში, მათ შორისაა „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

60-იან წლებში ჯულიეტა ვაშაყმაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა.