გაბუნია: საქართველო მზადაა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX–პლატფორმის საშუალებით მოლაპარაკებებს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებთან დაკავშირებით აწარმოებს.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდაა დაკონკრეტებული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როდის ექნება საქართველოს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა: მთავრობაში დეტალებს ათანხმებენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, დოკუმენტს კი მიმდინარე კვირის განმავლობაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილავენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლის მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა.

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით>>

გაბუნიას განმარტებით, Pfizer-ის პირველი დოზების მისაღებად დათქმული დრო 2021 წლის პირველი კვარტალია. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.

„ეს კონკრეტული წერილი COVAX-ის პლატფორმაში შეეხება Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, მსგავსი შემოთავაზება COVAX-ის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე AstraZeneca-თი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში მივიღოთ. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მომდევნო ორი თვის განმავლობაში, პირველი კვარტლის პერიოდში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან.

ცერცვაძე:  ვაქცინა რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა

კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.