თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირულმა გემმა საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემის ეკიპაჟი უკრაინის 10 და რუსეთის ორი მოქალაქისგან შედგებოდა. გემის ჩაძირვისას ორი მეზღვაური დაიღუპა, ექვსის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენების ძებნა გრძელდება.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თურქეთის პროვინცია ბართინის სანაპიროზე ჩაძირულმა მშრალტვირთმზიდმა Arvin, რომელიც ბულგარეთში მიდიოდა, საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრეს-სამსახურში.

მათი ინფორმაციით, გემის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა. 10 უკრაინის მოქალაქე იყო, ხოლო ორი – რუსეთის.

„გემი საქართველოს სანაპიროს თურქეთიდან 30 დეკემბერს მოადგა. უკვე 2 იანვარს ფოთის პორტი დატოვა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ბულგარეთის ბურგასის პორტში მიდიოდა, ხოლო 15 იანვარს თურქეთის სანაპიროსთან რეიდზე იდგა“, – განაცხადეს პრეს-ცენტრში.

სააგენტოს ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. ცნობილია, რომ გემი პალაუს დროშით ცურავდა.

ბოლო ინფორმაციით, მოხერხდა ექვსი მეზღვაურის გადარჩენა, ორი დაიღუპა. ეკიპაჟის სხვა წევრების ძებნა გრძელდება.