ზუგდიდში დამწვარ ბინაში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია: რა მოხდა დევნილთა დასახლებაში

გამოძიება ამტკიცებს, რომ 22 წლის მამაკაცმა შურისძიების მოტივით თავისი ნაცნობი, 37 წლის მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი ბინას, სადაც მკვლელობა მოხდა, ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ხანძრის შემდეგ ნაპოვნი გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცი მოკლულია - მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 22 წლის პირი, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

ზუგდიდში ხანძარს 37 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნიკა ლატარია