თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების - ძლიერი ქარის, თოვლისა და დაბალი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს დაწესდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს გზებზე ამ დრომდე არსებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია, მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია. გამონაკლისია კობი-გუდაურის მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე.