როდის ექნება საქართველოს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა: მთავრობაში დეტალებს ათანხმებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, დოკუმენტს მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილავენ, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ცერცვაძე:  ვაქცინა რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

ვაქცინაციის სამოქმედო  გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის უზრუნველყოფის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

„ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე.

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, გეგმაზე მუშაობა დასრულებულია.

„გეგმა დამტკიცებული, დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევო კვირაში. განიხილება გეგმის თანახმად სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვა და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში - ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და რომელიც უსაფრთხო იქნებ”, - განუცხადა ჟურნალისტებს გაბუნიამ თათბირის დასრულების შემდეგ.

ამავე დროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გეგმაში გაწერილია, როგორ შემოვა ვაქცინა ქვეყანაში.

„ეს გეგმა არის იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ანუ აქ არის -80-იანი ვაქცინაც გათვალისწინებული, -20 გრადუსიანიც და ჩვეულებრივი ტემპერატურიანი ვაქცინაც. ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯანმო: არ მოსთხოვოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სერტიფიკატი

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო სავარაუდოდ ერთ თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის პირველ პარტიას მიიღებს. საქართველოში შემოსული ვაქცინის პირველი პარტია, სავარაუდოდ, Pfizer-ის რამდენიმე ათეული ათასი დოზა იქნება.

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX-ის პლატფორმის საშუალებით მოლაპარაკებებს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებთან დაკავშირებით აწარმოებს.