კასპში მძევლების აყვანა: ყოფილმა პოლიციელმა შიმშილობა დაიწყო

ყოფილი პოლიციელი ახლა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.  
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ 27 წლის გიორგი მენაბდიშვილს ბრალი რამდენიმე საათში უნდა წაუყენონ, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.

შაბათს დილით შეიარაღებული პირი ქვის საამქროში შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა. დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უწყება 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიციამ კასპში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა - ვიდეო

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით.

ბიზნეს წილების გაყოფასთან დაკავშირებულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ქვის სამტეხლოს მეპატრონე. ის ირწმუნება, რომ საწარმო მისი საკუთრებაა და წილი სხვა პირს, მათ შორის არც დაკავებულს არ ჰქონია.

თავად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა, დუმილის უფლებას იყენებს.

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილი პოლიციელი ქვეყნის დატოვებას რუსეთის მიმართულებით აპირებდა

ყოფილი პოლიციელი ამჟამად გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის, ქეთევან გაგლოშვილის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.  

ქვის სამტეხლოში კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციამ საწარმოს თანამშრომლები უკვე დაკითხა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.