პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პანდემიის განვითარების ორი მოდელი შეიმუშავეს და პროგნოზები გამოაქვეყნეს
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა, რომელშიც დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის, სახალხო არმიისა და მთელი რიგი სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სწავლულებისგან შედგებოდა, პროფესორ სიუი ცზიანგოს ხელმძღვანელობით, 2021 წელს კორონავირუსული პანდემიის განვითარების მოდელი შეიმუშავეს, წერს South China Morning Post-ი. 

კოვიდის გადამდებობა და ებოლას ლეტალობა: დაფიქსირდა საშიში „დაავადება X“

ერთი ვარიანტის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში 170 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება უახლოეს ორ თვეში. ამასთან, როგორც პროფესორი ცზიანგო აღნიშნავს, საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედი აშშ-ზე მოვა.

გარდა ამისა, მოდელირების ამ ვარიანტით გამოითვალა სავარაუდო მსხვერპლის რაოდენობაც.

„მარტის დასაწყისისთვის COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება ხუთ მილიონს მიაღწიოს“, - ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს, მისი რეალიზაციისთის მეცნიერებს სოციალური დისტანცირება და პირბადეების ტარება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება მიაჩნიათ აუცილებლად. თუმცა, ყველა ამ პირობის დაცვის შემთხვევაშიც კი, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისისთვის მსოფლიოში კიდევ სამასი ათასი ადამიანი გარდაიცვლება COVID-19-სგან.

სწავლულების თქმით, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ვირუსი SARS-CoV-2, ისევე როგორც გრიპი, ვითარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმთან ვირუსის ადაპტაციამ შეიძლება დაავადებას სეზონური ხასიათი შესძინოს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მასთან ბრძოლას.