თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ. ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისათვის გზებზე შეზღუდვა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-62-ე კმ. (ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.