პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება
© Sputnik
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია კი მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი – კომისიამ უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსნებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეთა ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულია. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქს-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და არსებობს გეგმა, რომელსაც ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ, შემდეგ კი მთავრობა დაამტკიცებს.