თუშეთის მოსახლეობას ვერტმფრენები კვლავ მოემსახურება

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად ვერტმფრენები რეისებს თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნამდე შეასრულებენ.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თუშეთის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ეს პროგრამა გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება მიეცა, თუშეთის მიმართულებით ადგილობრივების მომსახურების მიზნით ვერტმფრენებით ფრენა გააგრძელოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ჩვენ უნდა მივცეთ ნება, თუშეთის მიმართულებით განაახლოს ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, ამას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში“, – განაცხადა პრემიერმა.

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთრის სეზონზე, ოქტომბრიდან მაისამდე ფშავი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.