სალომე ზურაბიშვილი: „სახელმწიფო დროშა ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა“

პრეზიდენტმა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, პატივი სცენ ქართულ დროშას, ვინაიდან „დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა“.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

„ამ დროშაში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია“: საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით. ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

„მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს. ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა — ეს უდიდესი ბედნიერებაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებსა და ახალგაზრდა თაობას მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა.

„ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ამასთან, პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა ემიგრაციაში მყოფებს, საელჩოებსა და ასევე ყველა იმ პროფესიის ადამიანს, ვინც „იცავს ჩვენს საზოგადოებას“. ესენი არიან: პოლიციელები, მაშველები, მეხანძრეები, ექიმები, მედპერსონალი და სხვები.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, მისი თქმით, „დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა“.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.