საჭიროა კლების ტენდენციის შენარჩუნება: გაბუნია უსაფრთხო ნიშნულს ასახელებს

გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, კორონავირუსის ქცევისა და მიმდინარეობის პროგნოზირება შეუძლებელია
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციაც გამოჩნდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამუშავდება თუ არა 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი: იმნაძის განმარტება

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ეპიდსიტუაციის სტაბილურობის ტენდენცია შენარჩუნდეს.

„აშკარად იკვეთება სტაბილიზაციისა და უკვე კლების ტენდენციაც. კარგია, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინაც და დღესაც რვა პროცენტი იყო. ამდენად, ეპიდემიოლოგიური გარემო უფრო კეთილსაიმედო ხდება და შანსი იმისა, რომ გახსნის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ კიდევ განმეორებით მატებას, უფრო მეტია“, — განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნება ხუთი პროცენტი, ეს არის ის ნიშნული, როცა უსაფრთხო გახსნაზე საუბარი უკვე შესაძლებელია. გაბუნიას ვარაუდით, „ეს სიტუაცია სავარაუდოდ უკვე პირველი თებერვლისთვის უნდა ჩამოყალიბდეს“, მანამდე კი რაიმე შეზღუდვის შემსუბუქებისთვის საფუძველი არ არსებობს.

ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქართველოს მსხვილ ქალაქებში 28 ნოემბრიდან შეზღუდვები მოქმედებს. სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ. აღნიშნული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გაგრძელდება.