თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩნდება, მზად არის თუ არა ქვეყანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისთვის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქართველოს მსხვილ ქალაქებში 28 ნოემბრიდან შეზღუდვები მოქმედებს. გარდა იმისა, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.
„ეს გამოჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს. გააჩნია ყოველდღიური ავადობის რა ციფრებით შევხვდებით ამ პერიოდს. 1 თებერვლიდან რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა შემსუბუქების ხარისხი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე“, – აღნიშნა იმნაძემ.
გასულ კვირაში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1 თებერვლამდე გახანგრძლივდეს. არსებული ინფოემაციით, 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.