კორონავირუსის გართულების გამო სომხეთის პრეზიდენტი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

არმენ სარქისიანს კორონავირუსული ინფექცია მძიმედ გადააქვს – სომხეთის პრეზიდენტს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში მოათავსეს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სომხეთის პრეზიდენტი კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამით დაინფიცირდა

სარქისიანის ინფიცირების შესახებ ცნობილი იანვრის დასაწყისში გახდა. პრეზიდენტი იმ მომენტში ლონდონში იმყოფებოდა. სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ სარქისიანი სამშობლოში მას შემდეგ ჩამოვიდოდა, რაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა და ექიმები ამის ნებას მისცემდნენ.

„პრეზიდენტი სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა დაავადება გართულებებით მიმდინარეობს, რის გამოც ის ჰოსპიტალიზებულია. სარქისიანს აქვს მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კორონავირუსით ასევე დაინფიცირდა პრეზიდენტის მეუღლე ნუნე სარქისიანი. არმენ სარქისიანი თავისი შვებულების ფარგლებში ახალ წელს დიდ ბრიტანეთში შეხვდა, სადაც მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა.