„სამოთხის ხე“ და  წიფლის ხის ტოტების „თაიგული“: საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

ბევრმა ჩვენგანმა ალბათ პირველი ნაძვის ხე ბავშვობაში, დედასთან ერთად მორთო, ჩამოკიდა ფერად-ფერადი, ბრჭყვიალა სათამაშოები და ტკბილეული, თოვლის ეფექტის შესაქმნელად და მეტი დამაჯერებლობისათვის, ბამბის ნაგლეჯებიც შეაყარა და ნაძვის ხის ძირიც ბამბით დაფარა.
Sputnik

ალბათ, მაშინ ჩემსავით თქვენც გეგონათ, რომ დედამ ნაძვის ხის გალამაზება ჩვენს გასამხიარულებლად მოიფიქრა. თუმცა, გავიზარდეთ და მივხვდით,  ეს ტრადიცია ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩემი და თქვენი მშობლები დაიბადებოდნენ.

ახალ წელთან ყველაზე მეტად სათამაშოებით მორთული და ციმციმა ნაძვის ხე ასოცირდება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი პლანეტის ლამაზი ტრადიციაა. შეიძლება, არ გაამზადოთ ტრადიციული საახალწლო სუფრა, არ ჩაიფიქროთ სურვილი, მაგრამ სახლში ნაძვის პატარა ტოტიც თუ არ გაქვთ, დღესასწაული და საახალწლო განწყობა არ იგრძნობა.

„სამოთხის ხე“ და  წიფლის ხის ტოტების „თაიგული“: საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დღეს ნაძვის ხის უამრავი არჩევანია - მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი თოვლით დაფიფქული, ბუნებრივი თუ ხელოვნური. შეგიძლიათ ფერად-ფერადი ყვავილებით მორთოთ, ან სულაც ანგელოზები, ირმები და გირჩები დაკიდოთ, გვერდით თოვლის ბაბუასთან ერთად სანტა კლაუსი და მაკნატუნაც მოუსვათ. ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და მარჯვე ხელებზეა დამოკიდებული.

დანამდვილებით არავინ იცის, საიდან და რატომ დაიწყო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, თუმცა, ცხადია, მის გარეშე ეს საოცარი დღესასწაული დღეს უკვე წარმოუდგენელია. დღევანდელ სტატიაში შევეცადეთ თავი მოგვეყარა  იმ ლეგენდებისა  თუ ნამდვილი ამბებისთვის, რაც საახალწლო ნაძვის ხესა და მის ისტორიას უკავშირდება.

„სამოთხის ხე“ და  წიფლის ხის ტოტების „თაიგული“: საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

ნაძვის ხეების ისტორია სათავეს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან და რომიდან იღებს და მარადმწვანე მცენარეების სიმბოლურ გამოყენებას უკავშირდება. რომის იმპერიაში ნაძვის ხის ტოტებით ტაძრებს სატურნალიის დღესასწაულის აღნიშვნისას რთავდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მცენარეებსა და ხეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მწვანედ რჩებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ხალხი დღესასწაულებზე სახლებს ფიჭვისა და ნაძვის ტოტებით ალამაზებდა, ჰკიდებდა კარებსა და ფანჯრებზე. ისინი თვლიდნენ, რომ მარადმწვანე მცენარეები ჯადოქრებს, მოჩვენებებს, ბოროტ სულებსა და დაავადებებს განდევნიდნენ.

როდის მიიღო ნაძვის ხემ საშობაო ხის დატვირთვა, ცნობილი არ არის. ამის თაობაზე ევროპულ ფოლკლორში არა ერთი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს.

„სამოთხის ხე“ და  წიფლის ხის ტოტების „თაიგული“: საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

ერთ-ერთი ვერსიით, ამ ტრადიციას საფუძველი 1000 წლის წინ ჩრდილოეთ ევროპაში ჩაეყარა. გადმოცემის მიხედვით, პირველ ნაძვის ხეებს ჭერზე ჯაჭვებით ჰკიდებდნენ. გაგიკვირდებათ და საშობაო ხის დატვირთვა ალუბლის ხესაც ჰქონია: მას ქოთანში რგავდნენ და სახლში უვლიდნენ ისე, რომ მისი ყვავილობის პერიოდი შობას დამთხვეოდა. ხშირად საშობაო ხე სახლიდან სახლში ინაცვლებდა.

იმასაც ამბობენ, რომ საშობაო ხის მორთვის ტრადიცია დასავლეთ გერმანიიდან მოდის. შუა საუკუნეების პოპულარულ სპექტაკლში „ადამი და ევა“ სამოთხეს სწორედ ნაძვის ხე განასახიერებდა. გერმანელები „სამოთხის ხეს“ 24 დეკემბერს რთავდნენ და მასზე ტკბილეულობას, ნამცხვრებსა და სანთლებს კიდებდნენ. ასევე აწყობდნენ შობის პირამიდასაც: ხის სამკუთხა კონსტრუქციის თაროებზე დებდნენ საშობაო ფიგურებს და მარადმწვანე მცენარეებით, სანთლებითა და ვარსკვლავებით რთავდნენ.

მე-16 საუკუნეში კი საშობაო პირამიდა და „სამოთხის ხე“ ერთმანეთს შეერწყა და ასე მივიღეთ თანამედროვე საშობაო ნაძვის ხე, რომლმაც მთელს მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.

„სამოთხის ხე“ და  წიფლის ხის ტოტების „თაიგული“: საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

გადმოცემის მიხედვით კი, პირველი ადამიანი, რომელმაც ნაძვის ხე სახლში მორთო ისე, როგორც ამას ჩვენ დღეს ვაკეთებთ, მარტინ ლუთერია ( გერმანელი ბერი, მღვდელი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი, რომელიც რეფორმისტული იდეების გამო კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთეს). მან შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახში ასეთი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით კი წიფელი ნაძვმა შეცვალა. „თაიგულის“ ზომა კი დროთა განმავლობაში თანდათან გაიზარდა.

ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეებში გავრცელა, ბაფთები და ხილი კი  ფაიფურისა და შუშისგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურამ შეცვალა. წლების განმავლობაში კი ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტები  უფრო დაიხვეწა. ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა, ნათურები სანთლებზე უფრო დიდხანს ანათებდნენ და უფრო ეფექტურადაც გამოიყურებოდნენ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ნაძვის ხის კენწეროზე ყრმა ქრისტეს გამოსახულებას კიდებდნენ, ის მოგვიანებით ანგელოზით შეიცვალა, ბოლოს კი ვარსკვლავით (იმ ვარსკვლავის აღსანიშნავად, რომელმაც ბეთლემში მოგვები ქრისტესთან მიიყვანა).

ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მსოფლიოში მილიონობით ნაძვის ხე იყიდება.ზოგიერთის ფასი კი მილიონობით დოლარს აღემატება. ბევრი ნაძვის ხე ხელოვნების ნიმუშადაც აღიარეს.

ქართულ ნაძვის ხედ ცნობილი ჩიჩილაკი კი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას „ ბასილის ფაფუკ წვერებსაც“ ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი „ბასილის პურს“. 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა წმინდანის მიმართ პატივისცემა.

„სამოთხის ხე“ და  წიფლის ხის ტოტების „თაიგული“: საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. თუმცა, არ იცვლება ერთი რამ - ახალი წელი კვლავ სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. ასევე არ იცვლება რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარ სურვილებს აგვიხდენს  და კვლავ შემართებითა და იმედით ვრთავთ ჩვენს ნაძვის ხეს.