„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანისთვის შესაფერი ინფრასტრუქტურული გარემო უნდა იყოს შექმნილი, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილები, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეხება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს

კანონპროექტი, რომლის მიღებაც კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, დაჩქარებული წესით იხილება. საკომიტეტო განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

როგორც კანონპროექტის წარდგენისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კანონში ცვლილებები მიმართულია საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ, რათა სწრაფად დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია ხარისხიანი ვაქცინებით. მისი თქმით, გარდა ამისა, ვაქცინების მწარმოებელთა მოთხოვნით, სახელმწიფომ, რომელიც მათ შეიძენს, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუმცა, ამასთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა სამედიცინო პერსონალს, კლინიკას ან იმპორტიორ კომპანიას უკავშირდება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩართვის შემთხვევაში.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, გვერდითი ეფექტების განვითარების ან ვაქცინაციის შემდგომი გართულების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ფაქტები მედპერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების შეცდომის ბრალია.