ყვითელი ამბები

„კვლავ ვრჩები გულშემატკივრად...“ - ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილზე პირველად ისაუბრა

ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლეზე, ცნობილ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნახეთ რას ჰყვება მოდელი.
Sputnik

მოდელი ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობისა, ჩოგბურთის აქტიურ გულშემატკივრად რჩება და ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშებსაც ადევნებს თვალს. ამის შესახებ დოროყაშვილმა გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა, სადაც ის დიზაინერის ამპლუაში იყო მიწვეული.

რამდენიმე დღის წინ ნეკა ყოფილ მეუღლეს საჯაროდ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ამჯერად შვილის გამო. მანამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ შვილის ნახვის საშუალება არ აქვს და ვერც საახალწლოდ მისთვის განკუთვნილ საჩუქრებს აწვდის მას. როგორც ჩანს, ამ პოსტის შემდეგ წყვილის საერთო შვილმა ლუკასმა მამისგან საჩუქრები მიიღო, ნეკა კი იმან აღაშფოთა, რომ საჩუქრის ყუთში მაღაზიის ქვითარიც დახვდა სათამაშოს ღირებულებით.

მოდელმა „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილი საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა, ბასილაშვილს საჩუქარი დაუწუნა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც მამამ შვილის ინტერესების შესახებ არაფერი იცის და არ იცის შვილს რა აჩუქოს, და თანაც ამბობს, რომ მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა მისთვის საჩუქრებს და ეს ნაგროვები საჩუქრები მხოლოდ ერთ ცელოფნის პარკში ეტევა.

მოგვიანებით მოდელმა ფოტო და პოსტი წაშალა და „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის გააკრიტიკა მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე მის მხარესაა.

ცნობილი ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა და ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, ძალადობდა თუ არა ის ყოფილ ცოლზე ფიზიკურად, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მის ოჯახურ სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებია. ახალი 2021 წლის დადგომამდე მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი დაწერა. ბასილაშვილი წერს, რომ მას შვილი ძალიან ენატრება, თუმცა მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია. ბასილაშვილი თავის პოსტში შვილს ასევე წერდა, რომ თოვლის ბაბუას მოტანილ საჩუქრებს კარგად შეინახავდა, მაგრამ ეტყობა ნეკა დოროყაშვილმა სხვაგვარი შინაარსი გამოიტანა.