თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ქედის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდი დააზიანა. ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობს.
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ბრილში საცხოვრებელ სახლებთან მიწის მასა ჩამოწვა. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
გზების გაწმენდის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით იწმინდება გზები, მუშაობენ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები. მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.