ჯანმომ კორონავირუსის ახალი „იაპონური შტამის“ საფრთხე შეაფასა

მუტაციების რაოდენობა იზრდება, ამიტომ კვლავაც მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან კოვიდ-შეზღუდვები ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენის შესაძლებლობას ამცირებს, აღნიშნავენ ორგანიზაციაში
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. იაპონელმა ეპიდემიოლოგებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) COVID-19-ის ახალი შტამის შესახებ აცნობეს, თუმცა მუტაციის შედეგად ვირუსი უფრო აგრესიული არ გამხდარა, განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის სპეაციალისტებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. მათი თქმით, ის განსხვავდება იმ შტამებისგან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვრცელდება.

ამასთან იაპონელმა მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად რთულია შეფასდეს მისი „პათოგენურობის, გადამდებობის, ტესტირების მეთოდების თუ ვაქცინების ეფექტურობის დონე“.

„გასულ უქმეებზე იაპონიამ ვირუსის ახალი ვარიანტის შესახებ განაცხადა. რაც უფრო ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მაღალია ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენის შანსები... ამან შეიძლება გამოიწვიოს ავადობის და ჰოსპიტალიზაციების ზრდა, რაც გაართულებს საავადმყოფოების მუშაობას, რომლებიც ისედაც ზღვარზე არიან... ჯერჯერობით ახალი ვარიანტი არ იწვევს იმას, რომ ვირუსი უფრო აგრესიული გახდეს“, - განაცხადა გებრეისუსმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან კოვიდ-შეზღუდვები ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენის შესაძლებლობებს ამცირებს.