გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი

დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

გარდაიცვალა ალექსანდრე ხომერიკი

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მას ოპერაციის შემდგომ სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს სახელით მოიგო (1992).

1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე ასპარეზობდა გაერთიანებული გუნდი, რომელშიც სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების სპორტსმენები შედიოდნენ. ხახალეიშვილი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი 95 კგ-ს ზემოთ წონით კატეგორიაში. ფინალში მან იაპონელი ნაოა ოგავა დაამარცხა.

ხახალეიშვილს შეეძლო თავისი ტრიუმფის გამეორება ატლანტის ოლიმპიადაზე 1996 წელს, მაგრამ აბსურდული შემთხვევის გამო ეს არ მოხდა. შეჯიბრების წინ აწონვის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც ხახალეიშვილმა აწონვაზე დააგვიანა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ძიუდოში კარიერის დასრულების შემდეგ ხახალეიშვილი სამბოში გადავიდა და 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა (1996 და 1997 წლებში).