ბაზალეთის გაყინულ ტბაზე მოძრაობა სახიფათოა:  ვრცელდება სპეციალური განცხადება

ბოლო დღეებში, ბაზალეთის ტბის გაყინულ ზედაპირზე მოქალაქეები მოძრაობენ - როგორც ფეხით, ისე ველოსიპედებით, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ბაზალეთის ტბის გაყინულ ნაწილზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხის შემცველია, ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფრთხილება ამინდის შესახებ: სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

უწყების ინფორმაციით, ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია და მოსახლეობა აქტიურად მოძრაობს მისი გავლით.

„ტბის როგორც მიმდებარე, ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე, ბოლო დღეებია, სხვადასხვა მიზნებისთვის, მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია, მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია“, — ნათქვამია განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან.