მსოფლიო დღეს

რა უნდა იცოდნენ ინგლისში შესვლის მსურველებმა – საქართველოს საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საკუთარი მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ქვეყანაში შესვლის მსურველებისთვის 11 იანვრიდან შემოაქვს
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. COVID–19–ის ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვილილება შედის, იუწყება საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოვლინდა: ჯანმო რაოდენობას ასახელებს>>

უწყების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID–19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.

„ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა - 500 ევრო“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

შემოღებული ახალი წესების შესაბამისად, მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული არიან ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10–დღიან თვითიზოლაციაში.

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, ამ მოთხოვნაზე COVID–19–ის ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.

მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.

უწყების ცნობით, ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ–განგაშის სისტემის მეხუთე დონის ამოქმედებისა და საყოველთაო კარანტინის შესახებ გამოაცხადა.

კარანტინი გულისხმობს შემდეგს:

  • ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ–სწავლების რეჟიმზე თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.