ყვითელი ამბები

„ხელოვნურ სუნთქვაზეა...“ – თემურ წიკლაური კორონავირუსს ებრძვის

პოპულარული ქართველი მომღერალი განსაცდელშია. ნახეთ რა დაემართა თემურ წიკლაურს და სად მკურნალობს ცნობილი მომღერალი.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით დაინფიცირდა. ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნება.

თანმდევი დაავადებების გამო მომღერალი რამდენიმე კვირაა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.

როგორც „პრაიმ–ამბებთან” მისი კოლეგა ნუგზარ კვაშალი ამბობს, 74 წლის მომღერალი რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და ჯერჯერობით მის მდგომარეობაზე ექიმები არ საუბრობენ.

თემურ წიკლაური ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრია. დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტია. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებში: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თეიმურაზ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“ (1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან. ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.