საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება საფინანსო დაწესებულების კლიენტების მონაცემების მოპარვა, რომელიც ისტორიაში უდიდესი გახდა.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლომ საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს ანდრეი ტიურინს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით. 

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი თქვა

აშშ-ის ხელისუფლება ტიურინს ბრალს სდებს აშშ-ის ტერიტორიაზე საფინანსო დაწესებულებების, საინფორმაციო სააგენტოების, საბროკერო კანტორების სისტემების გატეხვის მცდელობებში და კიბერშეტევებში ამერიკულ და უცხოურ კომპანიებზე. საუბარია აშშ-ის საფინანსო დაწესებულებების კლიენტთა მონაცემების მოპარვაზე, რომელიც ისტორიაში უდიდესი გახდა.

ნიუ-იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუს ჰაკერს ანდრეი ტიურინს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მლნ დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბრალდება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქის თანამზრახველი ისრაელის მოქალაქე გერი შალონია. შალონიც დაკავებულია, მისი აშშ-ში ექსტრადირება 2015 წელს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თანამზრახველებმა მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისეს.

საქართველოში ტიურინი აშშ-ის მოთხოვნით 2017 წლის დეკემბერში დააკავეს და წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მოათავსეს. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიურინის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.