საეკლესიო კალენდარი: 8 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 იანვარს ახსენებს კრებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის  მღვდელმოწამე ექვთიმეს, ღირსი კონსტანტინე სინადელისა და ღირსი ევარესტის ხსენების დღეც.
Sputnik

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ააადდამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს „ტარიგისა და მწყემსის დედის“, „სამოთხისა ბჭეთა განმღებელის“ - ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება „კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა“

საეკლესიო კალენდარი: 7 იანვარი - საშობაო ტრადიციები საქართველოში

წმიდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი 

წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) დროს. ამ ხარისხში იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი ნიკიფორე I (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს. იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისგან, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს - ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ექვთიმეს წამებით ამოხადეს სული.

საეკლესიო კალენდარი: 6 იანვარი

ღირსი კონსტანტინე სინადელი

ღირსი კონსტანტინე ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ. ერთხელ, ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს მას ძალიან მოეწონა და იმავე მოძრაობის გამეორება დაიწყო, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა. ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი მთელი გულით ირწმუნა ქრისტე.
ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვნური სათნოებებით გაბრწყინებული დიდი მოღვაწეები იყვნენ. იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანიც სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს.

მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

საეკლესიო კალენდარი: 5 იანვარი

ღირსი ევარესტი

ღირსი ევარესტი გალატიაში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი სიყმაწვილიდანვე ესწრაფოდა მონაზვნურ ცხოვრებას, განსაკუთრებით წმიდა ეფრემ ასურის წიგნების კითხვა უყვარდა. ბოლოს ნეტარმა სტუდიონის მონასტერს მიაშურა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 825 წელს, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში. დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, მის მიერვე დაარსებულ კოკოროვიის სავანეში.

მასალა მომზადებულია ღია წყააროებზე დაყრდნობით.