აჭარაში ეკომიგრანტებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

ეკომიგრანტებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია". 

სახელმწიფო 126 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუძენს

ახლადაშენებულ კორპუსში ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. სოციალური სახლის მშენებლობა რეგიონის ხელისუფლებას 3 მლნ ლარამდე დაუჯდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დღემდე ეკომიგრანტებისთვის ოთხი სოციალური სახლი აშენდა და ბინა 112 ოჯახს გადაეცა.

ეკომიგრანტებს ახალმოსახლეობა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

„დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 40-მდე ოჯახი ახალმოსახლეობას ზეიმობს. ჩვენ ვაგრძელებთ ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობას და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა საცხოვრებელი ფართით, მიმდინარე წელს კი 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პოლიტიკა და ეკომიგრანტთა ოჯახების ხელშეწყობა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საცხოვრებელ ფართს მუნიციპალიტეტში 70 ეკომიგრანტი ოჯახი საჭიროებს.