ხანძრის კერები საქართველოში: რა ვითარებაა ქვეყანაში – ბოლო მონაცემები

მეხანძრე-მაშველთა 350-კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ხანძრის ცხრა კერიდან ოთხი ლიკვიდირებულია, სამი ლოკალიზებული, ორზე კი გრძელდება ლოკალიზაციის სამუშაოები, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მეორე კვირაა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრები მძვინვარებს. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა ერთბაშად რამდენიმე კერაზე უწევთ.

რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია.

ცეცხლი დასავლეთ საქართველოს ტყეებს ანადგურებს: ბრძოლა ხანძრებთან – ვიდეო

სამეგრელო–ზემო სვანეთში ლოკალიზაციის სამუშაოები გრძელდება. ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ხანძარი ლოკალიზებულია.

იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით იყო. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

„მეხანძრე-მაშველთა 350-კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერების შესახებ, მათგან 252 ლიკვიდირებულია, ოთხი – ლოკალიზებული.