პოლიციამ რეგულაციის განმეორებით დარღვევის გამო ბარი „სახელოსნო“ დახურა

საქართველოში მოქმედი რეგულაციებით იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა, ასევე იკრძალება კვების ობიექტებისა და რესტორნების მუშაობა, გარდა გატანის სერვისისა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ „სახელოსნოს“ პოლიციამ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა–მე-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2021 წლის 7 იანვარს სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს – „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

შსს შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა–მე-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოში მოქმედი რეგულაციებით იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა, ასევე იკრძალება კვების ობიექტებისა და რესტორნების მუშაობა, გარდა გატანის სერვისისა.