არეულობა ვაშინგტონში: დაიღუპა ოთხი ადამიანი

მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, შემდეგ – სენატის დარბაზში.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. აშშ-ის დედაქალაქში მომხდარი არეულობების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აცხადებს ადგილობრივი პოლიციის უფროსი რობერტ კონტი. ამის შესახებ წერს სააგენტო РИА Новости.

კაპიტოლიუმიდან რესპუბლიკელი დემონსტრანტები გამოჰყავთ: სენატი გაწმენდილია >>

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანის ეშლი ბებიტის გარდაცვალების შესახებ, რომელიც მძიმედ დაიჭრა.

„კაპიტოლიუმის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კუთვნილი სამსახურებრივი იარაღიდან ქალს ესროლა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენის ყველა მცდელობის მიუხედავად ის გარდაიცვალა... გარდა ამისა, დღეს შევიტყვეთ, რომ კაპიტოლიუმთან გარდაცვალების სამი ფაქტი მოხდა“, – განაცხადა კონტიმ.

მისი თქმით, სამი ადამიანი გარდაიცვალა შემთხვევების შედეგად, რომლებიც „გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვდა“. ყველა გარდაცვლილი სრულწლოვანი იყო.

კონგრესიდან კენჭისყრის ბიულეტენები უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს

კონტიმ აღნიშნა, რომ პროტესტების დროს დაკავებულია 52 ადამიანი, ზოგი – იარაღის უკანონო ფლობის გამო, უმრავლესობა – კომენდანტის საათის დარღვევისთვის, რომელიც კოლუმბიის ოლქში დაწესდა.

ოთხშაბათს კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობა მოხდა – ტრამპის მომხრე მომიტინგეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მანამდე ტრამპი მხარდამჭერების წინაშე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და მათ მოუწოდებდა, კაპიტოლიუმისკენ წასულიყვნენ.

მოგვიანებით მოქმედმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა.