მსოფლიო დღეს

უცნობი პირები კაპიტოლიუმის შენობაში თვითმფრინავით შეფრენით იმუქრებიან

ამერიკელ ავიდისპეტჩერებს დაეგზავნათ შეტყობინება, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს ნებისმიერი თვითმფრინავის შესახებ, რომელიც ფრენის ტრაექტორიას გასცდება.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკში რამდენიმე ავიადისპეტჩერმა მოისმინა აუდიოჩანაწერი, რომლის ავტორებიც თვითმფრინავით კაპიტოლიუმის შენობაში შეფრენით იმუქრებოდნენ, რათა შური ეძიათ ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის მკვლელობისთვის, იუწყება ტელეარხი CBS News.

„ოთხშაბათს ჩვენ თვითმფრინავით შევფრინდებით კაპიტოლიუმში. სულეიმანის გამო შურს ვიძიებთ“, — ციტირებს ტელეარხი ავიადისპეტჩერების მიერ მოსმენილ ფრაზას.

ვინ გაგზავნა ეს შეტყობინება, ამ დროისათვის დადგენილი არ არის.

Fox News: სულეიმანის წლისთავზე ირანი შესაძლოა შეტევისთვის ემზადებოდეს

ტელეარხის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავდასხმის მუქარას დამაჯერებლად არ მიიჩნევს, ისინი იძიებენ ავიასიხშირეების გამოყენების ფაქტს.

წყაროს ცნობით, ავიადისპეტჩერებს სამშაბათს დაეგზავნათ შეტყობინება, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურს ნებისმიერი საფრთხის ან თვითმფრინავის შესახებ, რომელიც ფრენის ტრაექტორიას გასცდება.

როგორც აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოში აცხადებენ, ისინი კონტაქტში არიან სამართალდამცველ ორგანოებთან. ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიურო ინციდენტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ „ნებისმიერ მუქარას, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, სერიოზულად ეკიდებიან“.  

ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი 2020 წლის 3 იანვრის ღამით დაიღუპა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც მისი ლიკვიდაციის მიზნით ჩატარდა. ვაშინგტონს გენერალი 2019 წლის 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად მიაჩნდა.