საფრანგეთის უმაღლესი ორდენი ბიძინა ივანიშვილს: ყოფილ პრემიერს ჯილდოს ულოცავენ

წელს საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვისაც გასცა.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრის ტიტული მიენიჭა, ნათქვამია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზე.

ქართველი პიანისტის გერმანული აღიარება და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის მედალი

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2020 წლის 31 დეკემბერს მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია და უკვე 40 წელია, რაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

ფრანგი მეცენატი ფრანსუა პინო ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრის ტიტულის მინიჭებას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს წოდება ყოფილი პრემიერის „სამაგალითო კარიერას აგვირგვინებს“.

„დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრის ტიტულის მინიჭების ამბავი. გულწრფელად მოხარული ვარ და გულითად მოლოცვას გიგზავნით. ეს პრესტიჟული წოდება აგვირგვინებს თქვენს სამაგალითო კარიერას, დემოკრატიისადმი თქვენი სამოქალაქო ერთგულების ხარისხს და, რა თქმა უნდა, საფრანგეთისადმი სიყვარულს“, — ნათქვამია ფრანსუა პინოს მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ საპატიო ლეგიონის ორდენი — Ordre national de la Légion d'honneur საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. როგორც საფრანგეთის მთავრობის განკარგულების განმარტებით ბარათშია ნათქვამი, წელს ეს ჯილდო ასევე გადაეცა იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.