თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი სამშაბათს, 5 იანვარს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო პარტიული სიის სამი წევრის – დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებს.
ცენტრალურმა სააჩევნო კომისიამ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიას უკვე მიმართა.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სამი ლიდერის – ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტში ოთხი მანდატი მოიპოვა. პირველი ოთხეულიდან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ.
კვირას ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა (პარტიული სიის მე-8 ნომერი). ცესკოს ვებ-გვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ დავით ზილფიმიანისა და „პატრიოტთა ალიანსის“ სიის კიდევ სამი წევრის – გელა მიქაძის (პარტიული სიის მე-5 ნომერი), ნანა დევდარიანისა (მე-6) და ფრიდონ ინჯიას (მე-7) სიიდან ჩახსნის თაობაზე პარტიას ცესკოსთვის არ მიუმართავს.
საბოლოოდ პარტიულ სიაში მყოფმა ამ პირებმა ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლეს და პარლამენტში ადგილის დასაკავებლად ამჟამად წარდგენილი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.
მთლიანობაში პარლამენტს ასევე მოუწევს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ იმ დეპუტატების განცხადებების განხილვა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ სიებით და ასევე პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საკითხის განხილვა.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად მიიღო. ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა. ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, სერიოზული დარღვევების გარეშე.