ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას შობის დღესასწაულზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამღვდელოების და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს ტესტირებებს სთავაზობს, რათა საეჭვო შემთხვევების დროული გამოვლენა მოხდეს.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. შობის დღესასწაულზე დაიცავით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები, მოუწოდა მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ვნახოთ, როგორ მოულხინეს ადამიანებმა სუფრასთან – იმნაძე ვირუსის შემთხვევების შესაძლო ზრდაზე>>

საქართველოში მართლმადიდებლები 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — მაცხოვრის შობას აღნიშნავენ.

„იცით, რომ ექვსი დეკემბრის ღამეს შეზღუდვა მოიხსნება გადაადგილებასთან დაკავშირებით. შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, ასევე სტუმრიანობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ისევ და ისევ მოვუწოდოთ მოსახლეობას – პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ეკლესიებში ინფექციის გავრცელების კონტროლს, გაბუნიას თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამღვდელოების და სხვა კონფესიების წარმომადგენლებს ტესტირებებს სთავაზობს, რათა საეჭვო შემთხვევების დროული გამოვლენა მოხდეს.

საქართველოში 7 იანვარს ტრადიციული „ალილო“ არ ჩატარდება

„თუ რელიგიურ პირებში სავარაუდო შემთხვევა ან საეჭვო შემთხვევაა, მოხდეს მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა იმ კონკრეტულ დღეს მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს – ეს არის პრევენციული ზომა, რაც უკვე რამდენიმე კვირაა ტარდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 26 თებერვლის შემდეგ 232.079-ს მიაღწია.

ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რაც, მათ შორის, საღამოს 9 საათიდან ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს. შობის ღამეს, გამონაკლისის სახით და ახალი წლის ღამის მსგავსად, ეს შეზღუდვა მოიხსნება. ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის გამო საშობაო მსვლელობა „ალილო" ტრადიციული სახით არ გაიმართება.