საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსისთვის“ მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით განცხადებით დეკემბერში მიმართეს.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის – ირმა ინაშვილის, ­გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. 

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი წევრი შედის

პროცედურის თანახმად, კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება და შემდგომ განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 23 დეკემბერს მიმართეს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ ოთხი მანდატი მოიპოვა, აქედან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა. ცესკოს ვებ-გვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ დავით ზილფიმიანისა და „პატრიოტთა ალიანსის“ სიის კიდევ ორი წევრის – ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სიიდან ჩახსნის თაობაზე პარტიას ცესკოსთვის არ მიუმართავს.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ასევე მიმართეს „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატებმა და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ შესულა.

ინაშვილი: ენუქიძე ჩვენს პარტიას აფინანსებდა და მის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით>>>

გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი 54-მა დეპუტატმა განაცხადა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტიის“ (1 მანდატი) წარმომადგენლებმა. ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდნენ ახალშექმნილი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წარმომადგენელი.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“ და „გირჩს“. მათ ასევე ხელი არ მოუწერიათ საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად მიიღო. ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა.