პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე შშმ პირებთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა დაიგეგმა.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა, რომელიც საქართველოს უსინათლოთა კავშირს საჩუქრად გადაეცემა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 იანვარს ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ონლაინ–შეხვედრა გამართა.

„ბრაილის შრიფტით საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათ საჭიროებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ატარებს“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში, მსგავსი თემატური განხილვები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.