პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

ოპოზიციური პარტიის წევრებმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით დეკემბერში მიმართეს.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სამი ლიდერის – ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსისთვის“ მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

დღეს გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ირმა ინაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას 79 პარლამენტარი დაეთანხმა, ხოლო გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე აღნიშნული საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და ცნობად მიიღო.

პროცედურის თანახმად, ახლა ცესკომ პარლამენტს ამ დეპუტატების ადგილმონაცვლე წევრების თაობაზე ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტში ოთხი მანდატი მოიპოვა. აქედან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა (პარტიული სიის მე-8 ნომერი). ცესკოს ვებ-გვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ დავით ზილფიმიანისა და „პატრიოტთა ალიანსის“ სიის კიდევ სამი წევრის – გელა მიქაძის (პარტიული სიის მე-5 ნომერი), ნანა დევდარიანისა (მე-6) და ფრიდონ ინჯიას (მე-7) სიიდან ჩახსნის თაობაზე პარტიას ცესკოსთვის არ მიუმართავს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელი ოთხი წევრიდან ნანა დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ პარტიის დამფინანსებლებმა ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლონ და პარლამენტში სწორედ ისინი შევიდნენ, ანუ მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი.

ადრე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლის სურვილი გამოთქვა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, პარლამენტში სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს.

„ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ დიდი დისკუსია გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო პარტიის თავმჯდომარემ სია არ ჩახსნა. თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები კი, რომელთა გვარებიც დასახელდა, არ არიან პარტიის წევრები", – განაცხადა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 23 დეკემბერს მიმართეს. 

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი წევრი შედის

საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ შესულა.

გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი 54-მა დეპუტატმა განაცხადა – ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტიის“ (1 მანდატი) წარმომადგენლებმა. ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდა ახალშექმნილი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „პატრიოტების“ აღნიშნული სამი ლიდერი.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად მიიღო. ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა.