თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია – სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად 43 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 27 წლის მამაკაცს კი ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.