თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ბოლო რამდენიმე დღეა საღამოს საათებში ძლიერი ნისლის გამო თბილისში ძალიან დაბალი ხილვადობა ფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის, ნინო წვერავას თქმით, ნისლის მიზეზია აღმოსავლეთიდან მომავალი ცივი ჰაერის მასები, ასევე იანვრისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, ჰაერი 18-19 გრადუსამდე გათბა.
„ყველაფერი აიხსნება ჰაერის ცხელი და ცივი მასების ურთიერთქმედებით. დღეს დღის მეორე ნახევარში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 5 იანვარს ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცემა, მათ შორის ცივი ჰაერი დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ამ დღეებში ნისლი მოსალოდნელი არ არის“, - უამბო წვერავამ Sputnik-საქართველოს.
მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის ზღვისპირეთში, დაუბერავს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემაც შესაძლოა წამში 30 მეტრს მიაღწიოს. სპეციალისტები საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებენ.
თბილისში კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 5-6 გრადუსამდე გათბება, ღამით შესაძლებელია ყინვები.