შეზღუდვები ახლდება: ხვალიდან სავაჭრო ცენტრები ისევ დაიხურება

ქვეყანაში არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე იმოქმედებს, რის შემდეგაც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, გაგრძელდეს თუ არა შეზღუდვების ვადა.
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. 3 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ცენტრი კვლავ დაიხურება.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.

გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია

სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საკოორდინაციო საბჭომ მუშაობის განახლების უფლება მისცა, თუმცა ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, მათთვის მუშაობის განსაზღვრული წესები დაადგინა.

სავაჭრო ცენტრებისთვის მუშაობის გრაფიკი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა. მკაცრად კონტროლდებოდა კლიენტების ნაკადი (ერთი მყიდველი 20 კვადრატულ მეტრზე), ფასდაკლებები დაიშვებოდა მხოლოდ დილის საათებში ან ონლაინ, სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებდა კვების ობიექტები და გასახდელები. რაც შეეხება პროდუქციის დაბრუნება–გაცვლას, ეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს მოლები 19:00-მდე იმუშავებს, ამის შემდეგ კი სავაჭრო სექტორზე ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება როგორიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა.