მსოფლიო დღეს

ფეიერვერკების გამო: რომი დახოცილი ჩიტებით მოიფინა - ვრცელდება ვიდეო

რომის ხელისუფლებამ ახალი წლის დღეებში ფეირვერკების გამოყენება აკრძალა და 500 ევრო ჯარიმა დააწესა, მაგრამ მოქალაქეთა შორის მაინც ბევრი კანონის დამრღვევი მოიძებნა
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის ღამეს ფეიერვერკების სროლას რომში ათასობით შოშია ემსხვერპლა, ქუჩები დახოცილი ფრინველებით იყო მოფენილი, იუწყება გამოცემა Corriere della Sera.

თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტო– და ვიდეოკადრები ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებითაც.

ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ხმაურითა და ნათებით დამფრთხალი შოშიები, რომლებიც პიაცა ჩინკვეჩენტოზე ბინადრობენ ხეებზე, შენობების კედლებს, ფანჯრებს, სარეკლამო ბანერებსა და სხვა წინაღობებს ეჯახებოდნენ და იხოცებოდნენ, ან სახიჩრდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რომის ხელისუფლებამ ახალ წლამდე 24 საათით ადრე აკრძალა პიროტექნიკის გამოყენება 6 იანვრამდე და კანონის დარღვევისთვის 500 ევრომდე ჯარიმა დააწესა. თუმცა აკრძალვას ბევრი არ შეუშინდა.

საახალწლო ფეიერვერკების გამო საზარელი ინციდენტი მოხდა შარშან გერმანიის ქალაქ კრეფელდში. ადგილობრივ ზოოპარკში მაიმუნების სამყოფელს პიროტექნიკის ცეცხლი მოხვდა და სრულად გაანადგურა. დაიწვა 30–მდე ცხოველი. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადებული მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ ცეცხლს, მაგრამ მაიმუნების გადარჩენა ვერ მოხერხდა.