მსოფლიო დღეს

Brexit-ით უკმაყოფილო: ბრიტანეთის პრემიერის მამა საფრანგეთის მოქალაქეობას ითხოვს

ბრიტანეთის პრემიერის მამამ, რომელიც ევროპარლამენტის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო, რეფერენდუმზე Brexit-ის წინააღმდეგ მისცა ხმა
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, ბორის ჯონსონის  მამა სტენლი ჯონსონი საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, რათა Brexit–ის შემდეგ ისევ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩეს, იუწყება Daily Mail-ი.

​აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი უფროსი ჯონსონისთვის უცხო ქვეყანა არ არის, ვინაიდან მისი დედა საფრანგეთშია დაბადებული.

„თუ სწორად მესმის, ფრანგი ვარ. დედაჩემი საფრანგეთში დაიბადა, მისი დედაც ფრანგი იყო და ბაბუაც. ასე რომ, ეს ჩემთვის იმის დაბრუნებას ნიშნავს, რაც უკვე მაქვს. და ეს ძალიან მახარებს“, — განაცხადა სტენლი ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის მამა აცხადებს, რომ ის სამუდამოდ დარჩება ევროპელად და ხაზს უსვამს, რომ კავშირის შენარჩუნებას ევროკავშირთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სტენლი ჯონსონი, რომელიც ახლა 80 წლისაა, ევროპარლამენტის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო და ევროკომისიაშიც მუშაობდა. 2016 წლის რეფერენდუმზე მან ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭრო გარიგებაზე, რომელიც Brexit-ის შემდეგ ორი მხარის ურთიერთობებს არეგულირებს. ქვეყანა ევროკავშირიდან საბოლოოდ გავიდა 2020 წლის 31 დეკემბერს.