რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში თოვლის ბაბუას და უნდა სჯეროდეთ თუ არა მისი არსებობა

ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია და მოგეხსენებათ ამ დღეს განსაკუთრებით ბავშვები ელიან. მთავარი მიზეზი, ცხადია თოვლის ბაბუა და საჩუქრებია.
Sputnik

მსოფლიოში ბავშვების დიდ ნაწილს სჯერა თოვლის ბაბუისა თუ სანტა კლაუსის არსებობა. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის, მიდრეკილი არიან თანაგრძნობისა და ქველმოქმედებისკენ. თუმცა ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის ტყუილის თქმა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, დიდი დანაშაულია. უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს სანტა კლაუსის არსებობის, ამის შესახებ მოზარდთა და ბავშვთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრება.

რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში თოვლის ბაბუას და უნდა სჯეროდეთ თუ არა მისი არსებობა

- რატომ მოსწონთ ბავშვებს პიტერ პენი, კარლსონი, კონკია, ფერიები, თოვლის ბაბუა და ა.შ?

- იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურია. მათთვის ჯადოსნური სამყარო რეალური სამყაროს შემადგენელი ნაწილია. ბავშვებს უჭირთ განასხვავონ, გამიჯნონ რეალური და ჯადოსნური, გამოგონილი სამყარო. ხშირად გვინახავს ანიმაციური ფილმების ყურების შემდეგ ბავშვები მათთვის საყვარელი გმირის როლს როგორ ირგებენ, მათი ლექსიკით როგორ საუბრობენ, ზუსტად იმავე ტანსაცმელს ითხოვენ. მაგალითად, იღებენ ფანქარს და მას ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ანიჭებენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია. ლოგიკური კითხვა იქნება თუ დაგვაინტერესებს, რატომ უნდა სჯეროდეთ ბავშვებს ჯადოსნური სამყაროსი. ეს რწმენა კი აძლიერებს ფანტაზიის უნარს, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებას.

საახალწლო გამოცანა ჭკუამახვილებისთვის: გამოიცანი, ვინ გადარჩა?

– რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში თოვლის ბაბუას, უნდა სჯეროდეთ თუ არა პატარებს მისი არსებობა?

— როგორც კი დეკემბერი დგება, ბავშვები მაშინვე იწყებენ წერილების წერას, რომ მთელი წელი კარგად იქცეოდნენ, ან არ იქცეოდნენ, მაგრამ იქნებ მაინც მიიღონ საჩუქარი თოვლის ბაბუასგან ან სანტასგან. ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ კეთილ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობს ლაპლანდიაში, იცის მთელი მსოფლიოს ბავშვების სურვილები, ის ყველას სახლში საკვამურიდან აღწევს, უყვარს რძე და ორცხობილები, საჩუქრებს კი ნაძვის ხესთან ან ბალიშთან ტოვებს. ხშირად ბავშვები ამბობენ: მე კარგად მოვიქცევი, კარგად ვისწავლი, არ დამეზარება სკოლაში წასვლა და ასე შემდეგ, რადგან სანტას ეს აუცილებლად ეცოდინება და ზუსტად იმას მაჩუქებს, რაც მე მინდა. ფაქტია, რომ სანტა ძირითადად დადებით როლს ასრულებს. სასურველი ქცევის მისაღწევად მშობლები ხშირად უმეორებენ შვილებს, მაგალითად, თუ ყოველდღე კონკრეტულ საათზე დაიძინებს, ბეჯითად იმეცადინებს, სანტა ამას აუცილებლად გაითვალისწინებს ახალ წელს. 5 წლამდე ბავშვების 83% თვლის, რომ სანტა ან თოვლის ბაბუა არსებობს და ისინი ყოველ ახალ წელს ელოდებიან.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შვილს საჩუქარს ჩუქნით

მშობლები ხშირად გრძნობენ თავს დამნაშავედ, რადგან თვლიან, რომ ბავშვებისთვის სანტა თოვლის ბაბუის შესახებ ისტორიების მოყოლა არის ტყუილი. ტყუილი, რომელიც ბავშვს წყვეტს რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში აცხოვრებს. მშობლები, რომლებსაც ეს მოსაზრება აქვთ, ფიქრობენ, რომ ასეთი ტყუილის შემდეგ ბავშვები განიცდიან ძლიერ იმედგაცრუებას. ამ შეხედულებას განაპირობებს საკმაოდ მყარი არგუმენტები: ძლიერი ფრუსტრაცია, როდესაც ბავშვები იღებენ ინფორმაციას სხვა ბავშვებისგან არასწორი ფორმით და აცნობიერებენ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. ხშირად ის მშობლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სანტას ისტორიას და არ უყვებიან საკუთარ შვილებს, ამბობენ, რომ მათ ძლიერი იმედგაცრუება განიცადეს, როცა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ საჩუქრებს თოვლის ბაბუა კი არა, მათი მშობლები ჩუქნიდნენ და მას შემდეგ დღესასწაული აღარ ყოფილა ისეთი ჯადოსნური, როგორც ადრე. ასევე ფიქრობენ, რომ თოვლის ბაბუას შესახებ ტყუილი, შესაძლოა, გახდეს მშობლების მიმართ ბავშვების უნდობლობის საფუძველი.

ინკოგნიტო თოვლის ბებოები და მოძრაობა სახელად „სიკეთე სიცოცხლისთვის"

- არსებობს მოსაზრება, რომ თოვლის ბაბუას მითი მშობლებისთვის უფროა, ვიდრე მათი შვილებისთვის...

- მშობლები თოვლის ბაბუას როლის მორგებით ბრუნდებიან საკუთარ ბავშვობაში, საუკეთესო ადგილზე და დროში. ძირითადად ის მშობლები იზიარებენ თოვის ბაბუას მითს, რომელთაც ბავშვობაში სასიამოვნოდ ახსოვთ ეს ეტაპი და სიმართლეც მსუბუქად მიაწოდეს გარემოდან. თოვლის ბაბუას მითი ბავშვთა ქცევას განსაზღვრავს. ეს ერთგვარი მოტივატორია, მოიქცნენ კარგად და წლის ბოლოს მიიღონ ჯილდო. ხშირად ამბობენ, რომ სანტა ან თოვლის ბაბუა არ არის ტყუილი, ეს არის წარმოსახვითი თამაში, რომელიც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს.

– ბავშვობაში განცდილი ბედნიერება როგორ აისახება ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე?

— მშობლები, რომლებიც ბავშვობაში სიხარულით ხვდებოდნენ ახალ წელს, წერდნენ სურვილებს, ელოდებოდნენ თოვლის ბაბუას და შემდეგ რეალობაც მსუბუქად მიიღეს გარემოდან, საკუთარ შვილებსაც სწორედ ისეთივე ჯადოსნურ სამყაროს სთავაზობენ. ბავშვობაში განცდილი ეს ბედნიერება ხელს უწყობს ემპათიურობას, დიდი შანსია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თვითონაც გახდეს შემდეგ სხვა ადამიანის სანტა და გაუჩნდეს სურვილი, გააბედნიეროს, იზრუნოს მასზე.

თოვლის ბაბუა და მისი „თანამოძმეები“

– რას ურჩევდით მშობლებს, როდესაც შვილებს შეეპარებათ ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, რა უთხრან ამ დროს და როგორ მოიქცნენ?

— ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის მიუხედავად, რთულია ერთმნიშვნელოვნად განვსაზღვროთ, უნდა სჯეროდეთ თუ არა ბავშვებს თოვლის ბაბუის. გასათვალისწინებელია რა ფორმით უყვება მშობელი თოვლის ბაბუის მითს, სურვილების დაწერის პროცესი როგორ მიმდინარეობს და ა.შ. რამდენიმე რჩევა მექნება მშობლებთან, პირველი — მშობლებმა რჩევა მისცენ საკუთარ შვილებს თოვლის ბაბუას დაუწერონ ისეთი სურვილები, რომელთა ასრულებასაც თვითონ შეძლებენ. მაგალითად, თუ დაწერს ბავშვი ლეკვს ან მობილურ ტელეფონს და მშობელი ვერ შეძლებს ასრულებას, ამ შემთხვევაში ფრუსტრაცია უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, როცა სხვა გარეშე პირი ეტყვის, რომ სანტა არ არსებობს. მეორე რჩევა, როდესაც უკვე თქვენს შვილებს შეეპარებათ ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, უთხარით, რომ არ არის აუცილებელი ის ლაპლანდიაში ცხოვრობდეს და საკვამურიდან ძვრებოდეს ჩვენ სახლში, ის შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი იყოს და სურდეს ჩვენი გაბედნიერება.