საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წლიური მუშაობა შეაჯამა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ამის პარალელურად მათ 45 ათასზე მეტი დავალება შეასრულეს.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. 2020 წელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წლიური მუშაობა შეაჯამა.

უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მეხანძრე-მაშველებმა 45 ათასზე მეტი დავალება შეასრულეს. მათ შორის 15 ათასზე მეტი სახანძრო და 30 ათასზე მეტი სამაშველო დავალება, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

გორში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მეხანძრე-მაშველები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები კორონავირუსთან ბრძოლაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ ექიმებს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადაადგილებაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების დეზინფექციაში. ასევე მათი დახმარებით მარნეულში 100 მოქალაქეზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

უწყების ცნობით, 2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალები გაძლიერდა 50-ზე მეტი ერთეული ახალი ტექნიკით, ხოლო 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სპეციალური მანქანა განახლდა. რითაც რეგიონებში შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანობა გაიზარდა. ასევე სამი ახალი შენობა აშენდა ბორჯომში, ანაკლიასა და წალენჯიხაში. ამასთან 2020 წლის ზაფხულში ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი, შემოდგომაზე კი სახანძრო-სამაშველო ძალების პირად შემადგენლობას სრულად მიენიჭა ოფიცრის წოდება. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლაში მყოფ პირად შემადგენლობას დაენიშნა ყოველდღიური კვება, ასევე მყვინთავი მაშველების ხელფასი 100%-ით გაიზარდა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა

„2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მსხვერპლი არ ყოფილა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ასევე, საამაყოა სახანძრო-სამაშველო ძალების შევსება, ჩვენს რიგებს არაერთი ახალი მეხანძრე-მაშველი შეემატა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეული თანამშრომელი მომავალშიც თავდადებით გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვას.