გორის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გორში ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

უწყების ცნობით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაუყოვნებლივ დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

გორში დიდი ხანძარია: იწვის ტანსაცმლის და ავეჯის ბაზრობა

მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომლიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ასევე უცნობია, რამხელა ფართობი დაზიანდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.