გორში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ტანსაცმლისა და ავეჯის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გორის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია>>

ბაზრობაზე ცეცხლი გუშინ ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

არსებული შეზღუდვების გამო ბაზარი დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა, თუმცა მოვაჭრეები საქონელს ადგილზე ინახავდნენ. მათ გასაყიდად გამზადებული პროდუქციის უსაფრთხო ადგილას გატანა და ხანძრისგან გადარჩენა მოახერხეს.

არსებობდა ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მოხერხდა ბაზრის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.